top of page

ტროტუარი ყველასია, გარდა დემონსტრანტებისა

ბოლო რამდენიმე დღეა “ქართული ოცნების” ახალი კანონის გამო, სასამართლო ტროტუარზე პროტესტისთვის დაკავებულებს პროცესზე იბარებს. მათ „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან, რაც ტროტუარზე(ხალხის სავალ ნაწილზე) დგომით გამოიხატა. ამ ადამიანებს ახალი წლის, შობისა და შემდგომი დღეების გატარება, სავარაუდოდ, ციხის საკნებში მოუწევდათ, რომ არა ფაქტი, რომ შსს-მ მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რის გამოც ყველა პროცესი გადაიდო.


ახალი კანონით, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციირებულია და სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს დაჩქარებული წესით დაამტკიცა, მოქალაქეს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება. ამ კანონით მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისა და პროტესტისთვის ასამართლებენ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები ერთმანეთის მიყოლებით ჩაინიშნა[სია არასრულია]:

📍 ნ. ჟ. - 25 დეკემბერი, 13:45 საათი, მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;

📍მ. ნ. - 26 დეკემბერი 13:30 საათი, მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;

📍ნ. ბ. - 26 დეკემბერი 14:00 საათი, მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;

📍გ.ს. - 26 დეკემბერი, 13:00 საათი, მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;

📍 გ. ჩ. - 26 დეკემბერი 16:00 საათი, მოსამართლე ზვიად ცეკვავა;

📍მ. თ. - 26 დეკემბერი 16:00 საათი, მოსამართლე ნინო ენუქიძე;

📍 ლ. უ. - 29 დეკემბერი 11:50, მოსამართლე დავით მაკარიძე;

📍ნ. ლ. - 29 დეკემბერი 13:45 საათი, მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;

📍ს. ბ. - 29 დეკემბერი 14:15, მოსამართლე მანუჩარ ცაცუა.

 

თუ კარგად დააკვირდებით, ნათელია, რომ ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეების გასამართლება ერთსა და იმავე მოსამართლეებს მიანდეს. მათ ვისაც ე.წ. გზის გადაკეტვის საქმეები ებარათ და თავი “წარმატებით გაართვეს”. მოსამართლეებმა, რომლებმაც აქციაზე ყოფნისთვის მოქალაქეები 5 000 ლარით დააჯარიმეს, ახლა ტროტუარზე დგომის საქმეები უნდა განიხილონ.

 

რას გულისხმობს “ტროტუარების კანონი” ?

 

  • თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

 

  • პოლიციის წერილობითი ინფორმირება არ ნიშნავს, რომ შსს აქციის ანდა მსვლელობის გამართვის უფლებას მისცემს: უწყებას შეუძლია გამოაქვეყნოს „გაფრთხილება“ ან დემონსტრანტებს შესთავაზოს „ალტერნატიული დრო ან/და ადგილი“.

 

  • თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.

 

  • წესის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე 15 დღემდე (ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე) ადმინისტრაციული პატიმრობაა განსაზღვრული, შემდეგ ჯერზე კი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

 

ომბუდსმენის შეფასება

კანონს, რომელმაც შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, ომბუდსმენი 17 დეკემბერს, გამოეხმაურა.


სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონი, რომელიც „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქციის გამართვაზე რეგულაციას აწესებს, შსს-მ ისე არ უნდა აღასრულოს, რომ დემონსტრაციის გასამართად ნებართვის აღებას დაემსგავსოს.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაცია არ უნდა შეზღუდოს, თუკი ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი „არ აღწევს სერიოზულობის საკმარისად ხარისხს“.

 

 

საგულისხმოა, რომ ისეთი აქციის, რომელიც საავტომობილო მოძრაობას შეაფერხებდა, „წინასწარ ინფორმირების“ შესახებ მოთხოვნა მოქმედ კანონშიც დევს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ახლა პოლიციელების მტკიცებით, აქცია ლეგიტიმურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მის გამართვაზე შსს-მ თანხმობა მისცა.


მაშინ სად ქრება კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ გამოხატონ საკუთარი პროტესტი წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრებისას.


სწორედ ეს საკითხი გახდა იურისტებსა და პოლიციელებს შორის დავის საკითხი. საკამარისია თუ არა შსს-ს გაფრთხილება თუ უნდა დაელოდონ თანხმობას?


რას ნიშნავს სავალი გზის ნაწილობრივ ჩახერგვა? იზღუდება თუ არა გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად საქართველოს კონსტიტუცია?



Photo credit: Netgazeti
Photo credit: Netgazeti

ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ინტერვიუ ჩავწერეთ აქციის ორგანიზატორთან, იურისტ კახა წიქარიშვილთან, რომელმაც “ოცნების” ახალ კანონზე საკუთარი წარდგინებებით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

კახა წიქარიშვილი Tiflis24-ს ეუბნება, რომ საკონსტიტუციო სარჩელით ორი მუხლის დარღვევაზე დაობს. მისი აზრით, ტროტუარების კანონი პირდაპირ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ მუხლებს:

 

  • მუხლი 9: ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა;

  • მუხლი 21: . შეკრების თავისუფლება;

 

Tiflis24:  გზის გადაკეტვის საქმეების შემდეგ, შსს-მ “ტროტუარების ნაწილობრივი ჩახერგვის” საქმეები წამოიწყო სასამართლოებში. როგორ ფიქრობთ, რის გამო მიიღო “ქართულმა ოცნებამ” ე.წ. ტროტუარის კანონი და როგორია ამ კანონის სამართლებრივი საფუძველი?

 

კახა წიქარიშვილი: ოცნებამ კანონში ჩადო ისეთი ფილოსოფია, თითქოს, ტროტუარი ეკუთვნის ყველას, გარდა დემონსტრანტებისას. დემონსტრანტები არიან მეზობლის ბავშვები, რომლებმაც უნდა ითხოვონ ნებართვა, რომ დადგენ ტროტუარზე და რომ დადგებიან, ისე უნდა დადგნენ ტროტუარზე, რომ გამვლელ-გამომვლელებს ხელი არ შეუშალონ. არადა საერთაშორისო სამართალში პირიქით არის ეს ყველაფერი დემონსტრანტებს უფრო ეკუთვნით ტროტუარი, ვიდრე ყველა დანარჩენს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ გარკვეულად უფლება აქვთ შეწუხების. საზოგადოებამ და სახელმწიფომ გარკვეული დოზითა და დროით უნდა მოითმინოს შეწუხება, რაც მოდის შეკრება-მანიფესტაციის მხრიდან. ამიტომ წერია შეკრება-მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციაში და ის აღემატება კიდეც ბევრ უფლებას, რომლებსაც “ოცნების” აზრით დემონსტრანტები უპირისპირდებიან.

 

Tiflis24: როგორ ასაბუთებთ თქვენს საკონსტიტუციო წარდგინებებს და რატომ მიიჩნევთ, რომ “ქართული ოცნების” კანონი არაკონსტიტუციურია?


კახა წიქარიშვილი: ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექტს. ირღვევა კონსტიტუციის მე-9 მუხლი. ამის დასტურია, რომ არსებობს საკონსტიტუციო პრაქტიკა, რომ თუ სასჯელი არის აშკარად გადამეტებული, მაშინ ის ხელყოფს ადამიანის ღირსებას. ტროტუარზე დგომის გამო, რომ ადამიანს 15 დღე ციხეში ჩასვამ, ეს არა მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის უფლებას არღვევს, არამედ ადამიანის ღირსებასაც ლახავს.

ამასთან კონსტიტუაცია ამბობს, რომ ყველას[…]აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. [რედ: კონსტიტუციის 21-ე მუხლი]. “ოცნების” ახალი კანონში კი პირდაპირ წერია, რომ გვიკრძალავს და გვავალდებულებს. 


ახალი კანონით იმისათვის, რომ შევიკრიბოთ, თუ შეკრება იმართება ხალხის ან ტრანსპორტის მოძრაობის ადგილას, შეგვაქვს გაფრთხილება, რაც სწორია და კონსტიტუციის ტექსტიც დაცულია, თუმცა ამის შემდეგ იწყება პრობლემა.

აქამდე კონსტიტუციის ტექსტი გულისხმობდა, რომ ეს გაფრთხილება შეიძლება ყოფილიყო სავალდებულო ცალმხრივი კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ადამიანს შორის, ამის იქით კონსტიტუცია არაფერს დამატებითს აღარ ითხოვდა მოქალაქისგან. ესეც კი არ იყო სავალდებულო, უბრალოდ შესაძლებლობას ითვალისწინებდა, რომ დააწესოს ცალმხრივი კომუნიკაციის ვალდებულება.

რა ლოგიკა დევს ამაში? თუ შეკრება იმართება ხალხის ან ტრანსპორტის მოძრაობის ადგილას, ამან რაღაც პრობლემა არ შეუქმნას ერთი მხრივ დემონსტრანტებს, მეორე მხრივ სხვების უფლებებს. ამიტომ არსებობდა კანონი - გააფრთხილე სახელმწიფო, რომ სახელმწიფომ დაიცვას ყველას უფლება, მიიღოს წინასწარ ღონისძიებები. ამის შემდეგ კანონის წინა ვერსია გადადიოდა შემდეგ ეტაპზე, რომ სახელმწიფოს რიგი ვალდებულებები ჰქონდა გაწერილი. კონსტიტუცია ამბობს, რომ ეს არის ცალმხრივი კომუნიკაცია, მაგრამ კანონი უფრო შორს მიდიოდა ამ ნაწილში და ამბობდა, რომ სახელმწიფომ დემონსტრანტი უნდა გააფრთხილოს მისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ, შესთავაზოს ალტერნატიული მარშრუტი და ჰქონდეს კომუნიკაცია ორგანიზატორთან.


2025 წლის თებერვლიდან-ოქტომბრის ჩათვლით, 9 თვის განმავლობაში, ყოველ თვე შემქონდა გაფრთხილებები რუსთაველის ჩაკეტვაზე. არასოდეს არ ჰქონიათ ჩემთან კომუნიკაცია, რომ ალტერნატიული მარშრუტი შემოეთავაზებინათ. არასოდეს გავუფრთხილებივარ თბილისის მერიას ჩემი ვალდებულებების შესახებ და ამ ყველაფრის ფონზე უამრავი ადამიანი დააჯარიმეს, ისე რომ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ჩემი გაფრთხილების შეტანიდან 1 კვირაში თავადაც დამაჯარიმეს. ძველ კანონს თავად არღვევდა ხელისუფლება, თავისივე მიღებულ კანონს შეკრებისა და მანიფესტაციის კანონს. არ ასრულებდა თავის ვალდებულებას, რომ აქციის მონაწილეებთან ჰქონოდა კომუნიკაცია არა სავალდებულო მითითებების სახით, არამედ რეკომენდაციების სახით.

10 დეკემბრის კანონში შეიტანეს ხალხის სავალი ნაწილიც, რომ თუ ტროტუარებზე იმართება აქცია, საჭიროა სახელმწიფოს გაფრთხილება, მაგრამ არის ბუნდოვანება - რა არის ხალხის სავალი ნაწილი? ეს კანონს უნდა განემარტათ. მაგალითად პარლამენტის წინ მოედანი არის თუ არა სავალი ნაწილი? თბილისის ზემოთ რომ მინდვრებია და ცხვრები ჰყავთ მწყემსებს ისიც სავალი ნაწილია?

 

 

Tiflis24: გარდა სამართლებრივი განმარტებების ბუნდოვანებისა, კიდევ რა ხარვეზებს ხედავთ ამ კანონში?

 

კახა წიქარიშვილი: ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც 10 დეკემბრის კანონმა შექმნა, არის სავალდებულო მინიჭებების სისტემა. თუკი აქამდე კანონი რეკომენდაციის მიცემის შესაძლებლობას იძლეოდა, რაც არ იყო სავალდებულო, ახლა კანონში ჩაიწერა “სავალდებულო მითითება”, რაც გულისხმობს დროს, ადგილსა და სვლა-გეზს. უკვე შემოდის აკრძალვის სისტემა, რასაც ემატება დავალდებულება.

შსს-ს შეუძლია, კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას და კონკრეტული მიმართულებით აგვიკრძალოს შეკრების ჩატარება და დაგვავალდებულოს, რომ შეკრება ჩაატარეთ ამ დროს, ამ ადგილას და იარეთ ამ მიმართულებით.

მე 11 დეკემბრიდან შემქონდა განცხადებები შინაგან საქმეთა სამინისტროში, მივდიოდი პოლიციაში და ახალი კანონის მოთხოვნის თანახმად ვაფრთხილებდი უწყებას პარლამენტის წინ აქციის გამართვაზე.

 

Tiflis24: თუმცა ამჟამად შსს-დან აქციის მონაწილეებს იბარებენ სასამართლო პროცესებზე სწორედ იმიტომ, რომ 11-დან 20-დეკემბრამდე პერიოდში აპროტესტებდნენ ტროტუარებზე. გამოდის, რომ თქვენი გაფრთხილებები სრულიად უგულებელყოფილია?


კახა წიქარიშვილი:  მე რომ განცხადებები და გაფრთხილებები შევიტანე 11 დეკემბრიდან აღმოჩნდა, რომ პრობლემა იყო თარიღებში.  შსს-მ მითითებები გამოაქვეყნა მხოლოდ 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით.

ზუსტად იგივე განცხადებები მაქვს შეტანილი 21 დეკემბრიდან 9 იანვრი ჩათვლით, რაზეც გამომიქვეყნა თავისი ინსტრუქციები ვებ-გვერდზე, რაც ჩათვალა კომუნიკაციად.  11-დან 20 დეკემბრის ჩათვლით საერთოდ არ მიპასუხა პოლიციამ.

 

Tiflis24: დღეს ტროტუარების საქმეზე დაბარებული პირების სასამართლო პროცესებზე შსს-ს წარმომადგენელმა თქვენი განცხადებები, როგორც მტკიცებულებები ეჭვქვეშ დააყენა ორი მიზეზით: მათი მტკიცებით, განცხადებებს არ აქვს კანცელარიაში მიღების დასტური და ამტკიცებენ, რომ ფორმადაუცველად იყო წარდგენილი. რა მოხდა სინამდვილეში?

 

კახა წიქარიშვილი:  მე ეს განცხადებები რომ შევიტანე პოლიციაში 11 დეკემბერს, ამის შემდეგ ვიყავი მისული 15 დეკემბერს, 17 დეკემბერს და 18 დეკემბერს. ოფიციალურად რომ მოვიკითხე როდის მექნება პასუხი მითხრეს 18 დეკემბერს, რომ თქვენი განცხადებები დარეგისტრირებულია და 30 დღეა გათვალისწინებული პასუხის ვადაო. მე მაქვს შსს-დან მოსული SMS-ები, 9 განცხადება მაქვს შეტანილი და ცხრავეს აქვს სარეგისტრაციო ნომერი. კიდევ რას ითხოვენ დასტურისთვის არ ვიცი. 

 

Tiflis24: თქვენი ნათქვამიდან იკვეთება, რომ შსს-ს წესით უნდა სცოდნოდა, რომ აქციის ტროტუარებზე გამართვის შესახებ 9 ოფიციალური განცხადება იყო შესული უწყებაში. მაშინ რატომ ამტკიცებენ სასამართლო პროცესებზე, რომ გაფრთხილებები აქციის ჩატარებაზე არ ყოფილა და არც მტკიცებულებები არსებობს?


კახა წიქარიშვილი: გამორიცხულია ეს განცხადებები, როგორც მტკიცებულებები ეჭვქვეშ დადგეს. მე ვფიქრობ, რომ შიდაკოორდინაციის პრობლემა აქვთ. გარკვეული პერიოდი სულ არ იცოდნენ ჩემი შეტანილი განცხადებების შესახებ და ახლაც ვერ ჩამოყალიბდნენ. სასამართლოზე შსს-ს წარმომადგენელი ყველანაირ ხავსს ეჭიდება, რომ რაღაცით თავი იმართლოს. იმიტომ, რომ დაბნეულები არიან ვერ გაარკვიეს რა სტრატეგიით გაიმართლონ თავი.

როდესაც აქციაზე ვიყავი პოლიციამ არაფერი იცოდა ჩემს გაფრთხილებებზე და ადგილზე ვარაუდის დონეზე დაიწყეს მსჯელობა, რომ თუ გაქვთ განცხადებები შემოტანილი, მაშინ პასუხს დაელოდეთ. ერთმანეთთანაც არ აქვთ შეთანხმებული ეს განცხადება ჩათვალონ თუ არა. ჯერ არ ჩანს, რომ ამაზე ჩამოყალიბებულები არიან და მერე რა იქნება არ ვიცი.

 

Tiflis24: პოლიციის მაღალჩინოსანი დავით მამაგეიშვილი აქციაზე მიგითითებდათ, რომ მხოლოდ მიმართვა არ არის საკმარისი, აუცილებელია შსს-ს თანხმობა. მოითხოვს ამას კანონი?


კახა წიქარიშვილი: არანაირად. კანონი ამ ნაწილში ძალიან მკაფიოა. თუ აქცია საფრთხეს უქმნის საწარმო დაწესებულების მუშაობასა და ხალხის გადაადგილებას და ა.შ. შსს უფლებამოსილია, მოგმართოს სავალდებულო მითითებით 3 დღის ვადაში. თუ არ უქმნის საფრთხეს, მაშინ არანაირ მითითებას არ გაძლევს. მამაგეიშვილი ან არ არის გარკვეული კანონში, ან გარკვეულია და გადაწყვიტა, ასეთი ვერსიით განემარტა ჩანაწერი. ისე, როგორც კანონში არ წერია.

 

Tiflis24: რატომ ითხოვენ პოლიციელები ისეთი პუნქტების შესრულებას, რაც კანონში არ წერია?


კახა წიქარიშვილი:  “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური დაკვეთა შეიმუშავა, რომ რუსთაველის აქცია უნდა აღიკვეთოს. ამისთვის დავალება მიეცა კანონმდებელს, დაეწერა ისეთი კანონი, რომელიც შეუძლებელს გახდიდა ხალხის დგომას ტროტუარზე. ამის შემდეგ პოლიციას მიეცა დავალება, შეეშინებინა ხალხი დაჭერის მუქარით და ბოლოს დაჭერებით, რომ ტროტუარზე დგომა გახდეს საშიში აქციის მონაწილეების თვალში. თუ ხალხი შეშინდება და თუ ტროტუარზე დგომა იქნება დაჭერის ტოლფასი, მაშინ ნაკლები ადამიანი გამოვა და აღარ იქნება აქციები ქუჩაში. ეს ლოგიკა აქვთ შემუშავებული.

 

Tiflis24: თუკი “ქართულ ოცნებას” აქვს დაკვეთა ყველაფრის ფასად შეაჩეროს პროევროპული აქციები, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით?

 

კახა წიქარიშვილი: მე მგონია, რომ მინიმუმ 2 წელი გაწელავენ ამ სარჩელების განხილვას. თუმცა ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა უნდა გამოვიყენოთ ამ კანონების წინააღმდეგ. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს კომპეტენტური იურიდიული დასკვნები რატომ არის „ოცნების კანონები“ კონსტიტუციასთან შეუსაბამო.

 

Tiflis24: დღევანდელი სასამართლო პროცესები გადაიდო იმის გამო, რომ საკმარისი მტკივებულებები არ ჰქონდა შსს-ს. ეს რაზე მიუთითებს?

 

კახა წიქარიშვილი: პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ შსს-ში კოორდინაცია არ არის კანონის განმარტებასა და აღსრულებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, არც მოელოდა პოლიცია, რომ ჩვენ შევიტანდით გაფრთხილებებს და ფიქრობდნენ, რომ გაფრთხილებებს არ შევიტანდით და აქცია იქნებოდა უკანონო მათი განმარტებით და მოქალაქეებს დაშლიდნენ.

 

Tiflis24: დღევანდელი სასამართლო პროცესები ტროტუარებზე დგომის საქმეებთან დაკავშირებით ისევ ნაცნობ მოსამართლეებს დაეწერათ. როგორ ხდება სხდომების განაწილება სასამართლოში და რატომ ფიგურირებენ ერთი და იგივე მოსამართლეები აქციების კონტექსტში?

 

კახა წიქარიშვილი: რეალურად მათ აქვთ ვიწრო სპეციალიზაციის ტექნოლოგია და ასეთ საქმეებზე სულ ერთსა და იმავე მოსამართლეებს ატრიალებენ. როგორც ჩანს ეს ხალხია მათთვის სანდო კოლექტივია. სასამართლოში 300-მდე მოსამართლეა და კლანი ყველას არ ენდობა ხომ? ესენი არიან მოსამართლეები, რომლებმაც უკვე დაიმსახურეს კლასი ნდობა. ის კატეგორიაა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სიურპრიზებს ნაკლებად უწყობს.

 

Tiflis24: როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში არაერთი წარდგინება შედის “ქართული ოცნების” ახალი კანონების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, სასამართლო სისტემაში მოსამართლეები მაინც ჩუმად არიან და  უკანონო კანონებს განცხადების დონეზეც არ აპროტესტებენ.  თქვენ, როგორც სასამართლო საკითხებზე მომუშავე იურისტი, როგორ ხსნით ამ დუმილს?


კახა წიქარიშვილი: რასაკვირველია, მოსამართლეებს შეუძლიათ უკანონო, არაკონსტიტუციური კანონების წინააღმდეგ ხმის ამოღება, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ზოგადად სასამართლო სისტემაში მოქმედებს დამთრგუნველი გარემო, მოსამართლეებმა, რომლებმაც ხმა ამოიღეს წარსულში, გაათავისუფლეს. იყო ასეთი შემთხვევები. მოსამართლე ირაკლი შავაძეს, მაია ბაქრაძეს არ გაუგრძელეს მოსამართლეობის ვადა. მაია ბაქრაძის შემთხვევაში სტრასტურგის სასამართლომ დისკრიმინაციაც კი დაადგინა.

 

ხოლო მოსამართლეები, რომლებიც გამოსაცდელი ვადით არიან, მახვილის ქვეშ იმყოფებიან. დანარჩენების მიმართ კანონმდებლობა ისე შეცვალეს, რომ კანონის მუქარის ქვეშ არიან. მაგალითად დისციპლინურ კანონმდებლობაში ჩაწერეს, რომ მოსამართლის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ისჯება დისციპლინური წესით. ეს 2019 წლამდე იყო და ახლა ისევ შეიტანეს კანონში. ეს რას ნიშნავს? თუ მოსამართლეს შეცდომა მოუვიდა და იუსტიციის საბჭომ ჩათვალა, რომ ეს არის სერიოზული შეცდომა, “ამოუქექავს” სხვა ხარვეზებს და ეტყვის: ვადები გაქვს დარღვეული, კანონის ნორმები არ გაქვს დაცული, ამოგიღებთ ამ საქმეებს და გაგათავისუფლებთ.

 

Tiflis24: სხვა რა არგუმენტი არსებობს, რის გამოც ჩუმად არიან მოსამართლეები, თუნდაც უზენაეს სასამართლოში?

 

კახა წიქარიშვილი: უზენაესის მოსამართლეები 99% კლანის კადრებითაა დაკომპლექტებული და ვინ ამოიღებს ხმას? ძველებს ყველას ვადა გაუვიდათ. უზენაესში არის სუფთა კლანის ინტერესები, იქ ვინ არის ხმის ამომღები? რაც შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოსამართლოებს იქ არის ასეთი ლოგიკა: მე რომ ხმა ამოვიღო რა აზრი აქვს? ვინც წარსულში ხმა ამოიღო  ჩემი კოლეგებიდან ან გაათავისუფლეს, ან პრობლემები შეუქმნეს და შედეგი არ დადგა. ამიტომ, მოსამართლეებს პროტესტის განცდა აღარ აქვთ. ადრე 10-15 მოსამართლე აპროტესტებდა უკანონო კანონებს საკონსტიტუციო წარდგინებებიც დაწერეს, მაგრამ მერე სასამართლოს შიდა პოლიტიკის შედეგად, მარწუხები მოუჭირეს, რასაც შემდეგ საკანონმდებლო მარწუხებიც დაემატა და ახლა ხმის ამოღება არავის სურს.

 

“ქართული ოცნების” ე.წ. ტროტუარების კანონის მიუხედავად, პროევროპული აქციის მონაწილეები ღიად ამბობენ, რომ მათი დღის წესრიგი უცვლელია და უწყეტი პროტესტი არ გაჩერდება. ყოველ შაბათს კი ტრადიციული მსვლელობები გაიმართება. 27 ნოემბერს, უწყვეტი წინააღმდეგობის 395-ე დღეს, მარში პარლამენტისკენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრა და ახალგაზრდების მთავარი სათქმელი ასე ჟღერდა - “მომავალი ჩვენია”.

 

 

 

 

 

Comments


bottom of page