top of page

აკადემიური თავისუფლება საფრთხეშია. ჰელმჰოლცის ცენტრის ღია წერილი საქართველოს

უმაღლესი განათლების რეფორმა უნდა ნიშნავდეს უკეთეს ხარისხს, მეტ ხელმისაწვდომობას და უფრო ძლიერ უნივერსიტეტებს. მთავრობის მიერ შემოთავაზებული „რეფორმა“ მოქმედებს არა აკადემიური საჭიროებების, არამედ ადმინისტრაციული კომფორტისა და კონტროლის ლოგიკით. როდესაც სახელმწიფო საუბრობს „რესურსების ოპტიმიზაციაზე“, ეს შეიძლება რეალურად ნიშნავდეს სისტემის გამარტივებას არა სტუდენტისა და მეცნიერის ინტერესებისთვის, არამედ იმ მიზნით, რომ ნაკლები დამოუკიდებელი ცენტრი, ნაკლები ალტერნატივა და საბოლოოდ ნაკლები თვითმყოფადობა არსებობდეს.


გთავაზობთ, ჰელმჰოლცის დრეზდენ-როსენდორფის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, სებასტიან შმიდტის ღია წერილის ქართულ თარგმანს უცვლელად, რომელიც ჩვენს რედაციას მოაწოდეს.


წერილი ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB), ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრის ( GSI) , იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ) და ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრის( HZDR) სახელით ქვეყნდება.



“ღია წერილი,

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB)

20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB) გერმანულ კვლევით ინსტიტუტებსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივი კვლევითი პროექტების, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი ბაზის განვითარების მხარდაჭერით, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა წარმატებული და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობები, მეტ წილად თბილისის ინსტიტუტებთან, რამაც საქართველოში , გააუმჯობესა უმაღლესი განათლებისა და კვლევის გარემო.

შეშფოთებით, გავეცანით სიახლეს შემოთავაზებული უმაღლესი განათლების რეფორმის, კერძოდ, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პოლიტიკის შესახებ. მიუხედავად (რეფორმის ინიციატორების-გ.დ.) მტკიცებისა, რომ აღნიშნული მიდგომა ორიენტირებულია ეფექტურობის გაუმჯობესებასა და რესურსების ოპტიმიზაციაზე, ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიდგომა საფრთხეს უქმნის, საქართველოში, უმაღლესი განათლების მრავალფეროვნებას, ხელმისაწვდომობასა და ხარისხს, რადგან ის ხელს უშლის ინტერდისციპლინურობას. გარდა ამისა, ის საფრთხეს უქმნის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში GGSB-ის მიერ ჩამოყალიბებულ ხანგრძლივ თანამშრომლობას. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინსტიტუციური ავტონომია და აკადემიური თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოებების ფუნდამენტური საყრდენებია, რომლებიც უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად განვითარდნენ, დანერგონ სიახლეები და განათლება მისცენ მეცნიერებისა და მოქალაქეების მომავალ თაობებს. სამეცნიერო კვლევის თავისუფლება ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველს ქმნის. პოლიტიკამ, რომელიც ავიწროებს ფაკულტეტებს ან მიმართულია აკადემიურ დაწესებულებებზე ცენტრალიზებულ კონტროლისკენ, შეიძლება, უნებლიედ, შეასუსტოს ეს თავისუფლებები და შეზღუდოს გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობები.

ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველომ შესანიშნავი პროგრესი განიცადა უმაღლესი განათლების სისტემის ტრანსფორმაციასა და წინსვლაში. ეს გზა მოიცავდა საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, აკადემიური პროგრამების გაფართოებას, და კვლევისა და მობილობის შესაძლებლობების გაძლიერებას. GGSB ამაყია იმით, რომ ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობის გზით, შეიტანა წვლილი ამ პროგრესში და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშივ გავაგრძელებთ საქართველოში მეცნიერების განვითარების მხარდაჭერას. პატივისცემით მოვუწოდებთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, ყურადღებით განიხილონ „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პოლიტიკის პოტენციური (უარყოფითი გ.დ.) გავლენა საერთაშორისო თანამშრომლობაზე, სამეცნიერო თავისუფლებასა და საქართველოს უმაღლესი განათლების გრძელვადიან განვითარებაზე.

ჰელმჰოლცის დრეზდენ-როსენდორფის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი

სებასტიან შმიდტი

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB), ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრის ( GSI) , იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ) და ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრის( HZDR) სახელით

Comments


bottom of page