"საშინელი მოსამართლეების" სია და რეალური საქმეები - როგორ მუშაობს პოლიტიკა ქართულ მართლმსაჯულებაში
- Kitty Jashi

- Nov 28
- 6 min read

Tiflis24: განაგრძობს სასამართლოს ნდობის კრიზისის გაშუქებას – როგორ და რატომ კარგავს ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემა. „List of Terrible Lawyers“-ში ის მოსამართლეები მოიაზრებიან, რომლებიც გადაწყვეტილებებს კანონისა და სინდისის კარნახის ნაცვლად პოლიტიკური მოტივებით იღებენ. ამჯერად ჩავწერეთ ინტერვიუ „ადამიანის უფლებათა ოფისის“ ხელმძღვანელთან, იურისტ მარიკა არევაძესთან, რომელმაც კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებზე დაყრდნობით ისაუბრა მოსამართლეებზე, რომლებსაც საზოგადოება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით დაიმახსოვრებს.
Tiflis24: “სინდისის პატიმრები”, “რეჟიმის ტყვეები” - ეს ტერმინები საზოგადოების დიდ ნაწილში უკვე დამკვიდრდა და ის ადამიანები ახსენდებათ, ვინც ნოემბერი-დეკებრის პროევროპულ აქციებსა და შემდეგ პერიოდში დააკავეს. რა საერთო მახასიათებლები აქვთ მათს სამართლებრივ საქმეებს?
მარიკა არევაძე: რეჟიმის პატიმრების საქმეებში ერთი და იგივე ხელწერა იკვეთება - ამ პროცესებში მტკიცებულებები, ფაქტობრივად, არ არსებობს. “ქართული ოცნების” პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებშიც კი ნათლად ჩანს, რომ ამ საქმეებში იკვეთება არა დანაშაული, არამედ პრევენციული დაკავების ფაქტები. როგორც “ქართული ოცნების” პრემიერმა განაცხადა, პრევენციულად, დააკავეს ადამიანები და შესაბამისად, ნათელია რატომ არ არის მომზადებული საქმეები და რატომ არ დევს მტკიცებულებები. მოხდა ამგვარად: პრევენციულად, სხვებზე ზემოქმედების მიზნით რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს და ამის შემდეგ დაიწყეს საქმეების მომზადება. თუ დააკვირდებით, საქმეები რამდენიმე კონკრეტულ მოსამართლეზეა გადანაწილებეული. მინდა, გამოვყო ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აბსოლუტურად უდანაშაულო ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, რომელიც მოქმედებდა საკუთარი თავისა და ღირსების დაცვის ინტერესების ფარგლებში. ხაზგასასმელი ფაქტია, რომ ამ მოსამართლეს საერთოდ არ აქვს სისხლის სამართლის სპეციალიზაცია და ეს უკვე მნიშვნელოვანი დარღვევაა. ზოგადი სტანდარტი ასეთია - საქმეში არსებული მტკიცებულებები და მასალები უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ ბრალი მტკიცდებოდეს. თუკი ბრალი არ მტკიცდება, თუკი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლევა ამის საფუძველს და ოდნავი ეჭვი მაინც არსებობს, რომ დანაშაული პირის მიერ არ არის ჩადენილი, ეს ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლო, ანუ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.” მზია ამაღლობელის საქმეზე - პოლიციელმა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მზიას, შეურაცხყოფაზე მიიღო პროტესტი და პასუხი. ამ პოლიციელს საერთოდ არ ჰქონდა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ქმედება დანაშაულად რომ ჩაითვალოს, კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მზია ამაღლობელის საქმეში ასეთს ადგილი არ ჰქონია. არ იყო ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, არ იყო თავდასხმა და არ იყო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო განხორციელებული თავდასხმა. შესაბამისად მტკიცებულებების ნაკლებობის პირობებში მზია უნდა გაემართლებინათ. ჩვენ რას ვხედავთ? მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ე.წ. მცირე სასჯელით შეეცადნენ უკან დახევას რომ არ გაემართლებინათ და თან შედარებით ნაკლები წლები მიესაჯათ სრულიად უდანაშაულო ადამიანისათვის.
Tiflis24: “ქართული ოცნების” ლიდერებისგან მოვისმინეთ, რომ ითხოვდნენ ბოდიშის მოხდას ჟურნალისტისგან და ეს ბოდიში ერთგვარი გარიგების საფუძველიც გახადეს რომ გათავისუფლებულიყო. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებდნენ აქცენტს “ბოდიშზე” პარტია და მისი ლიდერები? მარიკა არევაძე: იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა მიემართება ავტორიტარიზმისკენ და ადამიანის უფლებები აღარ არსებობს, როდესაც კანონის უზენაესობა აღარ არსებობს, სამართლებრივის გარდა პოლიტიკური ასპექტებიც უნდა შევაფასოთ. პოლიტიკური განცხადებები, ფაქტობრივად, ყველა საქმეში ხდებოდა ამ საქმის წარმართვის კალაპოტის მიმცემი. მზია ამაღლობელის ბოდიში რეჟიმს სჭირდებოდა იმისთვის, რომ სინდისის პატიმრები გაეტეხა და საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მათს თავგანწირვას არ აქვს აზრი და ვერ მოიტანს შედეგს. თუმცა “ოცნებამ” მიიღო საპირისპირო. რეჟიმის პატიმრები არიან უსამართლოდ დაჭერილი ადამიანები და ეს გახდა “ოცნების” აქილევსის ქუსლი. ვინაიდან სინდისის პატიმრების არსებობა მტკივნეულია არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის, არამედ “ოცნების” მხარდამჭერებისთვისაც კი.
ანრი კვარაცხელიას საქმე

Tiflis24: სისხლის სამართლის მოსამართლეებიდან კიდევ ვინ ფიგურირებდა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვაში?
მარიკა არევაძე: საბა სხვიტარიძის საქმის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია. გავრცელებული იფორმაციციით, ეს არის მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი საქმე იყო აღძრული და იყო პასუხისგებაში მიცემულიც. საგულისხმოა, რომ ეს ინფორმაცია თავად მას ერთხელაც არ უარყვია. შენიშვნა*** ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ანტონ ჩეჩინის საქმე: ჩეჩინს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა და შენახვა. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს თავის საცხოვრებელ კორპუსთან - დაკავების დღეს მან თქვა, რომ სინამდვილეში დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააკავეს. საქმეში არ არის მისი ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა - თავად ჩეჩინი ამბობს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს. ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ჰყავს ქართველი ცოლი, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებში. ანტონ ჩეჩინი დაჯარიმებულია "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო. განაჩენის გამოცხადებამდე ჩეჩინმა სასამართლოს სიტყვით მიმართა: “იმ შემთხვევაში, თუ მე გამომიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს, მე გავაგრძელებ ბრძოლას სხვა ორგანიზაციების დახმარებით იმიტომ, რომ ჩემი უფლებები ირღვევა ციხეში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იყო შეტანილი რამოდენიმე საჩივარი, რომლის გამოძიება არ ხდება იმიტომ, რომ მას ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა განწყობილი, მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ბრალდებული, იმის გამოც, რომ მე გამოვდიოდი პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ.” მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასე გამოეხმაურა: „ეს არ არის სამართლიანობა - ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“ ანრი კვარაცხალიას საქმე სინდისის პატიმრების საქმეებში თავისი განაჩენი ჯვებე ნაჭყებიამ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში დაბადებულ 26 წლის ანრი კვარაცხელიას გამოუტანა და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კვარაცხელია 5 დეკემბერს, გამთენიისას, სახლში დააკავეს. მას ედავებოდნენ პირველ დეკემბერს აქციაზე გდდ-ს თანამშრომლების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლას, რამაც „საფრთხე შეუქმნა მათ ჯანმრთელობას“. კვარაცხელიასგან დაზარალებული და ჯანმრთელობადაზიანებული სპეცრაზმელი არ არსებობს. ვიდეოზე, რომელიც მტკიცებულებად წარმოადგინა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, თითქოს, ანრი კვარაცხელია ისვრის მოლოტოვის კოქტეილს, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის ფარგლებში, სამხარაულის ექსპერტმა განაცხადა, რომ პირის იდენტობის დადგენა შეუძლებელია. ხოლო გდდ-ის ორმა თანამშრომელმა, რომლებსაც ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ, სასამართლოში თქვეს, რომ არ მოხვედრიათ „მოლოტოვის კოქტეილი“ და მხოლოდ ასფალტზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ანრი კვარაცხელიამ დაკავების შემდეგ აღიარა, რომ ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. მისი ადვოკატის თქმით, ის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო და აღიარებითი ჩვენების დაწერის დროს ადვოკატი არ ახლდა. კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე თქვა: “მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი. ჩემი საქმე არის შეკერილი - ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო.”
Tiflis24: კიდევ ერთი გახმაურებული საქმეა სამოქალაქო აქტივისტის, მასწავლებელის ნინო დათაშვილის საქმე, რომელსაც ბრალად სასამართლოს მანდატურის თანამშრომელზე თავდასხმა ედება. ამ საქმემ რა ტენდენცია აჩვენა სასამართლო სისტემაში?
მარიკა არევაძე: მოსამართლე ფიქრია სექტურაშვილი ერთი თვის დანიშნულიც კი არ იყო, როდესაც ნინო დათაშვილის საქმეზე მიიღო გამაოგნებელი გადაწყვეტილება და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა სტაციონარის პირობებში. ისე, რომ თავად ნინო დათაშვილს არ მისცა შესაძლებლობა, რომ პროცესს დასწრებოდა, ადვოკატებს არ მისცათ შესაძლებლოა, რომ შესულიყვნენ და გასაუბრებოდნენ ნინოს. ფაქტობრივად პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და დააბრუნა საბჭოთა კავშირის ის ტრავმა, რაც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მშობლების თაობას კარგად ახსოვს. მოგვიანებით ამ ნაწილშიც უკან დაიხია რეჟიმმა და ექსპერტები სამხარაულის ბიუროდან შევიდნენ ციხეში და ამბულატორიულად ჩაატარეს ექსპერტიზა. ნინო დათაშვილის საქმე 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს. იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა. ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება. პროკურატურის თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე მიმდინარეობდა, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა. ვიდეოში, რომელიც საქმის მტკიცებულებაა, ჩანს, რა ხდება სასამართლოში, როგორ უწევდა დათაშვილი წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც ის სასამართლოდან ძალით გაჰყავდათ. 43 წლის სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. 21 ივნისს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეუფარდა. აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა. 4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. დათაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა და დევნის გაგრძელება. შენიშვნა: ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სწორედ ფიქრია სიქტურაშვილია ის მოსამართლე, რომელმაც სუს-ის მიმართვის საფუძველზე ოპოზიციონერი ლიდერის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების განჩინება გასცა. ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება “უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება. 13 სექტემბერს ტელეკომპანია “პირველების” ეთერში ენმ-ის ლიდერმა, ირაკლი ნადირაძე მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის ქმართან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სიქტურაშვილის მეუღლე, ზურაბ ბერიანიძე სუს-ის მოქმედი თანამშრომელია და მან წლების წინ, კასპში ჩასულ ლევან ხაბეიშვილზე ორგანიზებული თავდასხმა დააორგანიზა. ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეები:
Tiflis24: რა ხდება მაშინ, როდესაც საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების განმხილველ მოსამართლეებს ეხებათ. როგორ გამოაქვთ მათ გადაწყვეტილებები და მუშაობს თუ არა პოლიტიკური გავლენები ამ შემთხვევაში?
მარიკა არევაძე: შემიძლია გავიხსენო პარტია “ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანი ქავთარიძისა და რეჟიმის პატიმრის საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძის შემთხვევა. მათ დააბრალეს რომ მირიან ქავთარაძეს “მონას”ეძახდნენ. მირიან ქავთარაძე არის პოლიციელი, რომელზე თავდასხმასაც ედავება საბა სხვიტარიძეს ბრალდება, რომელიც 4 დეკემბრის ღამეს ტიტუშკის ფორმაში თავს ესხმოდა პოლიტიკოსებს და რომლის განყოფილებაშიც დაკავების შემდგომ საბა სხვიტარიძე 2-ჯერ აწამეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი არცერთი ნეიტრალური მოწმე, როდესაც იმ დღეს სასამართლოში არაერთი მოწმე იყო. მოწმეებად წარმოდგენილი იყო 3 პოლიციელი, სამივე უშუალოდ მირიან ქავთარაძის დაქვემდებარებაში მყოფი, სხვა არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ანი ქავთარაძე 5 000 ლარით დააჯარიმა, თორნიკე სხვიტარიძე კი 5 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. ასევე, ვიცავდი აქტივისტ გიორგი დუმბაძეს, როდესაც თვალჭრელიძის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება მიმდინარეობდა. იქ მცხოვრებთან ერთად დააკავეს აქტივისტებიც. გიორგი დუმბაძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ და საქმეში მის წინააღმდეგ არანირი მტკიცებულება არ არსებობდა. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ კი სრულიად უსაფუძვლოდ 5 000-ლარით დააჯარიმა. მე წარვადგინე მედიაში გავრცელებული კადრები, რომელშიც ჩანდა, რომ გიორგი დუმბაძე პოლიციებს არაფერს უშავებდა, არც იგინებოდა, არც წინააღმდეგობას სწევდა, არც რაიმე ქმედებას ჩადიოდა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც გიორგი ჩხეიძე სასამართლოს ეზოდან გაიტაცეს, აბრალდებნენ, რომ პოლიციელს “მონასა” და “ცრუ მოწმე პოლიციელს” ეძახდაო. გიორგი ჩხეიძე ამას უარყოფს. მოსამართლე დავით თეთრაულს ვთხოვეთ, რომ ჩხეიძის ტელეფონი მტკიცებულების სახით ამოეღო. მობილური შსს-ს ჰქონდა და პროცესზე გავიგეთ სად იყო. ჩხეიძე დაკავების მომენტში ვიდეოს იღებდა და უტყუარად გამოჩნდებოდა აყენებდა თუ არა შეურაცხყოფას სამართალდამველებს, რადგან მსგავსი არაფერი უთქვამს. მოსამართლემ გადაწყვიტა არც ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილებინა და არც მტკიცებულება ამოეღო. გადაწყვეტილება პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო და ჩხეიძე უსამართლოდ და უსაფუძვლოდ 4 000 ლარით დააჯარიმა. ეს საქმე სააპელაციოში გავასაჩივრეთ, მოსამართლემ ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება და ახლა სტრასბურგისთვის ვამზადებთ.
Tiflis24: როგორ ხდება სასამართლოებში “რეჟიმის პატიმრების” საქმეების განაწილება მოსამართლეებზე?
სასამართლოში არსებობენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები, მაგრამ რეჟიმის პატიმრის საქმეები მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს ეწერება. ეს მოსამართლეები იღებენ არა კანონზე დაფუძლებულ განაჩენს, არამედ პროცესუალური საკითხების გვერდის ავლით გამამტყუნებელ განაჩენებს. მაგალითისთვის ერთ-ერთი ასეთი მოსამართლეა ნინო გალუსტაშვილი, რომელიც ფაქტია, რომ უგულებელყოფს საქმეში არსებულ მოცემულობებს და იღებს გამამტყუნებელ განაჩენებს. ცხადია, რომ რეჟიმის პატიმრების საქმეები შემთხვევიდათ არ განაწილდა მოსამართლეებზე და ეს უკვე გარკვეულ ინფორმაციას იძლევა კონკრეტულ მოსამართლეებზე. ამ მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ კარგად, რომ დღეს ისინი ამ ბიჭებისა და ქალების განაჩენებს კი არ აცხადებენ, საკუთარი მომავლისთვის გამოქვთ განაჩენი. სწორედ მათი გადაწყვეტილებების შესაბამისად და ცხადია, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად მოხდება მათი შეფასება არა მხოლოდ ისტორიული, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისითაც. როდესაც დადგება ცვლილება და დაიწყება სასამართლო რეფორმა ყველა ეს საქმე თავიდან იქნება შესწავლილი კეთილსინდისიერ ექსპერტთა მიერ, რომლებიც აუცილებლად შეაფასებენ ამ სტანდარტს და ყველაფერს მოჰყვება თავისი შედეგი.




Comments