top of page

რეპრესიები და საერთაშორისო პროგრამის შეჩერება: როგორ ზარალდება საქართველო MATRA-ს გარეშე

Updated: 6 days ago

ნიდერლანდების მთავრობა საქართველოში მზარდი რეპრესიების საპასუხოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეზღუდვებს უწესებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში მკვეთრად გაუარესებული ვითარებისა და ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ,“MATRA”-ს კანონის უზენაესობის სასწავლო პროგრამაში მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობას აჩერებს.


საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, ორასამდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.


გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად: 

ree

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს:

  • დასაჯოს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები;

  • გააუქმოს რეპრესიული კანონები;

  •  გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.


ბენეფიციარების შეფასება:

 მოქმედი საჯარო მოხელე, ლევან ჭიოკაძე საელჩოს კომენტარებში ხაზგასმით მიუთითებს იმ რეალურ ცოდნაზე, რაც პროგრამას ქართველი საჯარო მოხელეებისთვის მოჰქონდა, მის შეჩერებაზე სრულ პასუხისმგებლობას კი მოქმედ ხელისუფლებასა და მათს პროპაგანდაზე აწყობილ პოლიტიკას აკისრებს. 

ree

რას კარგავს საქართველო Matra-ს კანონის უზენაესობის პროგრამის შეჩერებით?


ამ საკითხზე სიღრმისეული სურათის მისაღებად „Tiflis24” პროგრამის ერთ-ერთ ბენეფიციარს, რეგიონული განვითარების სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, თაკო კავკასიძეს ესაუბრა. თაკო კავკასიძე 10-წლიანი მუშაობის შემდეგ რეგიონული განვითარების სამინისტროდან გაათავისუფლეს. მისი განმარტებით, სისტემამ ვერ აიტანა, რომ მან ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვას და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გულისხმობდა. ავტორის შენიშვნა: 2024 წლის დეკემბერში სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული 300-მდე საჯარო მოხელე საერთო პეტიციით გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას - 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. საპასუხოდ ქართულმა “ოცნებამ” საკადრო წმენდა დაიწყო და პეტიციაზე ხელმომწერი საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა.


Tiflis24: თქვენ, როგორც MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ბენეფიციარს, რა მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება და განვითარება შეგძინათ ამ პროექტმა?


თაკო კავკასიძე: ჩემს პროგრამას ერქვა კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში. შესარჩევი ეტაპები კონკურენტულ გარემოში გავიარე. ამ პროგრამებში საქართველოსთან ერთად ჩართულია: უკრაინა, სომხეთი, ალბანეთი, კოსოვო, ბოსნია ჰერცოგოვინა, თურქეთი. 2019 წლის მარტში ვიმყოფებოდით ჰააგაში დაახლოებით 3-კვირიანი პროგრამა იყო და მაღალი დონის ევროპელი ექსტპერტები გვიკითხავდნენ ლექციებს. განვიხილავდით პოლიტიკურ სიტუაციას ევროპასა და ჩვენს ყვეყნებში. ამავე პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდით ბრიუსელში, სადაც მოვინახულეთ ევროსტრუქტურები და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. შემდეგი ეტაპი ჩატარდა ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც ჩვენი გავაზიარეთ გამოცდილება როგორ გამოვიყენეთ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში. პროგრამით მიღებულ ცოდნასა და ჩამოტანილ მასალებს საჯარო სამსახურში მუშაობის ბოლო დღემდე ვიყენებდი. ეს ერთი თვე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რომელიმე გრძელვადიანი სასწავლო კურსი.


Tiflis24: ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნიდერლანდებმა “ოცნების” ნაბიჯების გამო დროებით შეწყვიტა პროგრამა. როგორ ფიქრობთ, რა დანაკლისი ექნება ამ პროგრამის შეჩერებით ქვეყანას?


თაკო კავკასიძე: რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები ვითარდება, მაგალითად, აზერბაიჯანი-სომხეთის პოზიციებთან დაკავშირებით და matra-ს მსგავს პროექტებში ჩვენი ქვეყნის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც დღეს საქართველო აკლდება ძალიან დასანანია. თუმცა რეალურად არ გამკვირვებია და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას აბსოლუტურად ვიზიარებ, რადგან მათ არ გამოხატეს სურვილი რეჟიმთან თანამშრომლობის. გასაგებია, რომ დღევანდელ მოცემულობაში საჯარო მოხელეები დაზარალდებიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ევროპული მომავლის მხარეს დგას უმეტესობა უკვე სამსახურიდან გათავისუფლებულია.


დარწმუნებული ვარ როდესაც შეიცვლება სიტუაცია და საქართველო დაუბრუნდება ევროპულ გზას, ყველა პროგრამა განახლდება. ნიდერლანდების მხრიდან კანონის უზენაესობის პროგრამის შეჩერებას ეხმაურება პროგრამის კიდევ ერთი ბენეფიციარი, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, და ასევე, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმომწერი ლანა ქარდავა.


მისთვის მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ “ქართული ოცნება” თვითიზოლაციის გზაზე ქვეყანას სრულ უპერსპექტივობაში ტოვებს. ლანა ქარდავა: “ფსიქოლოგიურ ტერორსა და შიშებით მანიპულირებაზე, რუსულ პროპაგანდაზე ჩამოკიდებული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას და მის მოქალაქეებს განვითარების, ცივილიზებულ და თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციის ყველა შესაძლებლობა და პერსპექტივა წაართვას.


მე Matra-ს პროგრამის ერთ-ერთი კურსდამთავრებული ვარ და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ამ პროგრამის სიკეთეები, რომელიც საქართველოში საჯარო მოხელეების გაძლიერებისა და განვითარებისკენ იყო მიმართული. დღეს კი ეს პროგრამა, რეჟიმის ქმედებების გამო, საქართველოში წყვეტს ფუნქციონირებას. თუმცა, რაში სჭირდებათ ასეთი რამ მათ, ვინც საჯარო სამსახური საბოლოოდ ერთი პარტიის სამსახურად გადააკეთა, ვინც საჯარო სამსახურის ბიურო საერთოდ გააუქმა, მიიღო საჯარო მოსამსახურე-მოხელეებისთვის უფლებების ამრთმევი რეპრესიული კანონმდებლობა და ფაქტობრივად გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდებოდა და ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა იყო. სანამ პროპაგანდა “დედა დედაა და მამა მამა”-ზე, ქართველი “ვაშკაცის”უკანალის დაცვასა თუ ოჯახურ სიწმინდეზე გულისამრევად ყალბი ბოდვებით რეცხავს ტვინებს, ქვეყანაში სულ უფრო და უფრო საშიში სიბნელე ისადგურებს.”,- წერს ლანა ქარდავა.


ისტორიული კონტექსტი:

ნიდერლანდმა MATRA-ს პროგრამა 1993 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიზაციის მხარდასაჭერად შექმნა. პროგრამის თავდაპირველი მიზანი იყო პოსტკომუნისტური ქვეყნების სოციალურ ტრანსფორმაცია, მოგვიანებით კი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ხელშემწყობი ფუნქცია შეითავსა. პროგრამა ორიენტირებულია ქვეყნებში კანონის უზენაესიბისა და დემოკრატიული სფეროების მხარდაჭერაზე. რა ხდება დღეს: „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონების მიღებას, რომლებიც ზღუდავს მედიის და სამოქალაქო სექტორის უფლებებს. ოპოზიციური ლიდერები ციხეში არიან, პროევროპული აქციების ათობით მონაწილე პოლიტიკური პატიმარია - ამ ფონზე ნიდერლანდების სამეფოს მიერ MATRA-ს პროგრამის შეჩერება კიდევ უფრო აშკარად აჩვენებს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას.

Comments


bottom of page