top of page

იურისტების სისტემური სიბრმავე


ქვეყანაში, სადაც სამართალი აშკარად გამრუდებულია და კანონიერება ხშირად სამართლიანობას უპირისპირდება, საზოგადოების მოლოდინი ბუნებრივია, როდესაც მათი განსკუთრებული აქცენტი და მოლოდინი იურისტებს მიემართებათ. ადვოკატი, თავისი პროფესიის არსით, არ არის უბრალოდ მომსახურების მიმწოდებელი, არამედ ის არის თავდაცვის მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს ძალას უპირისპირებს მოქალაქის უფლებას და ამგვარად აღწევს სამართლიანობას. სწორედ ამიტომ, როცა ქვეყანაში კრიზისია, იურისტების ხმა განსაკურებით მნიშვნელოვანია.


საქართველოს რეალობაში კი, ბოლო წლებში თვალში საცემია საპირისპირო ტენდენცია. არა იმიტომ, რომ ქვეყანაში “იურისტები არ არიან”, არამედ იმიტომ, რომ ინსტიტუციები, რომლებიც დამოუკიდებლობას უნდა იცავდნენ, ხშირად სიჩუმეს და კონფორმიზმს ირჩევენ. ეს სიჩუმე შემთხვევითი არ არის. ის სისტემურ პრობლემად გადაიქცა, სადაც პროფესიული ღირსება სუსტდება, ხოლო ინსტიტუციური ნდობა ნელ-ნელა იშლება.


ადვოკატთა ასოციაცია როგორც კონტროლის ობიექტი

ადვოკატთა ასოციაცია, წესით, პროფესიის ბირთვია. ის უნდა იყოს სივრცე, სადაც ადვოკატები საკუთარ დამოუკიდებლობას იცავენ, ხელისუფლების ზეწოლას ეწინააღმდეგებიან და პროფესიული სტანდარტების დაცვის გარანტიას ქმნიან. როცა ასოციაციის ხელმძღვანელობა არ გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას და ვერ აჩვენებს პრინციპულობას, ასოციაცია კარგავს იმ ძირითად ფუნქციას, რის გამოც ის არსებობს.


საზოგადოებაში გაჩენილი აღქმა, რომ ასოციაციის ხელმძღვანელობა კონფორმისტულია და “ზემოდან კარნახის” გამტარია, ერთ კონკრეტულ პირს კი არ ეხება მხოლოდ. ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუცია აღიქმება როგორც მორჩილი სტრუქტურა და არა როგორც პროფესიული თვითმმართველობა. ასეთ პირობებში ადვოკატთა ასოციაცია მოქალაქისთვის აღარ არის დაცვის სიმბოლო. ის ხდება კიდევ ერთი ფორმალური სახელი, რომელიც რეალურ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს.


მსგავსი უსუსურობა გამოჩნდა ადვოკატთა ასოციაციის პოზიციაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობის დაკარგვის მიმართ. იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი ორგანიზაცია იყო, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ნიშნავდა საბჭო, რომელიც 9 წევრისგან შედგებოდა, სადაც გაერთიანებული იყვნენ, როგორ ადვოკატთა ასოციაციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზავიის წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. გადამწყვეტი ხმები ამ საბჭოში, ადვოკატთა კორპუსს ეჭირა. სწორედ ეს პროპორცია განაპირობებდა ამ სამსახურის დამოუკიდებლობას.

იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს უფასო  სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის.  სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და  დღეისათვის,  იურიდიული  დახმარების  ბიუროებისა  და საკონსულტაციო   ცენტრების   მეშვეობით,   საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.

საქართველოს პარლამენტში ახლახან ინიცირებული ცვლილებების პაკეტის მიხედვით კი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის არჩევის პრეროგატივა გადადის პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებაში, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული ხდება პარლამენტის ნაცვლად, პრემიერის მიმართ.


იურიდიული დახმარების სამსახური და დუმილის ეფექტი

არანაკლებ პრობლემურია იურიდიული დახმარების სამსახურის ირგვლივ არსებული სიჩუმეც. როდესაც სისტემაში ცვლილებები ისე მიმდინარეობს, რომ ადვოკატების დამოუკიდებლობა სუსტდება ან ფორმალურად იზღუდება, პროფესიული რეაქცია მხოლოდ “კორპორატიული ინტერესის” ამბავი არ არის. ეს პირდაპირ უკავშირდება მოქალაქის უფლებას, მიიღოს რეალურად დამოუკიდებელი იურიდიული დახმარება.


თუ ამ სამსახურის ადვოკატები კრიტიკულ მომენტში ხმას არ იღებენ, შედეგი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ერთი უწყების შიდა პრობლემაა. დუმილი ქმნის განცდას, რომ სისტემა იცვლება წინააღმდეგობის გარეშე, რაც მომავალში უფრო მარტივს ხდის ნებისმიერ სხვა ზეწოლასაც. როცა დამოუკიდებლობას წაართმევენ და პროფესია ამას ჩუმად შეხვდება, მოქალაქეს უჩნდება კითხვა, ვინ დაიცავს მას მაშინ, როცა მართლაც დასჭირდება დაცვა?


ნდობის კრიზისი და ლოგიკური კითხვა

ამ ორი მაგალითის ფონზე ჩნდება ყველაზე მძიმე და ყველაზე ლოგიკური კითხვა. რაზე უნდა ააგოს მოქალაქემ ნდობა. ასოციაციაზე, რომელიც პრაქტიკულად ვერ აჩვენებს დამოუკიდებლობას. თუ ადვოკატებზე, რომლებიც დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე ხმამაღლა არ რეაგირებენ?


ნდობა ინსტიტუციებში არ არის ემოციური კატეგორია. ნდობა შედეგია. ის ჩნდება მაშინ, როცა ხედავ პრინციპულ პოზიციას, მოქმედებას, პასუხისმგებლობას და საჯარო განმარტებებს. თუ ეს კომპონენტები აკლია, ნდობა ბუნებრივად ქრება და მის ადგილს იკავებს ცინიზმი, აპათია და განცდა, რომ “ყველაფერი შეთანხმებულია”.


რა არის გამოსავალი

გამოსავალი მხოლოდ სიტყვებით ვერ შეიქმნება, მაგრამ მიმართულება ნათელია. ორივე ინსტიტუციას სჭირდება რეალური განახლება საბჭოთა მემკვიდრეობიდან წამოსული ჩვევებისგან, კონფორმიზმისგან, მორჩილებისგან და პროფესიული სიჩუმის კულტურისგან. ამ განახლების ძირითადი ნიშნები იქნება პირველი, რეალური დამოუკიდებლობის დაცვა პრაქტიკაში და არა დეკლარაციაში. მეორე, კრიტიკულ საკითხებზე საჯარო პოზიციის ჩამოყალიბება და არგუმენტირებული კომუნიკაცია. მესამე, პროფესიული თვითპატივისცემის დაბრუნება, სადაც ადვოკატი აღარ იქნება მხოლოდ “სისტემასთან მორგებული სპეციალისტი”, არამედ მოქალაქის უფლებების რეალური დამცველი


ეს არ არის “რომანტიკული მოთხოვნა”. ეს არის პროფესიის მინიმალური სტანდარტი. და სანამ ეს სტანდარტი არ დაუბრუნდება იურიდიულ ინსტიტუციებს, საზოგადოება კვლავ დარჩება იმ მდგომარეობაში, როცა სამართალი ირღვევა, ხოლო დამცველები დუმან.

 
 
 

Comments


bottom of page