top of page

კოლექტიური სურვილის დილემა

რა არის პროტესტის პრობლემა?

ამ კითხვაზე ბევრ პასუხს მოვისმენთ ხოლმე, ზოგი ამბობს, რომ პრობლემა დასავლეთის სუსტი მხარდაჭერაა ან ხშირ შემთხვევაში ქართველი ხალხის სურვილის არასაკმარისი დემონსტირება, თუმცა ბევრი ჩვენგანი, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში პროტესტში ვმონაწილეობთ არ დავფირებულვართ, თუ რამდენად გახდა ეს პროტესტი მასობრივი, ანუ მასების პროტესტი?

მასების დეფინიცია, ერთი შეხედვით ადამიანის სიმრავლესთან ასოცირდება, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. მასის დეფინიცია ადამიანის სიმრავლეს არ უდრს, არამედ პროტესტის დეფინიციაა, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებ.


ალბათ, ეს ერთი შეხედვით არასწორ დილემად მოგეჩვენებათ და უფრო აქტუალურ შეკითხვებზე გადახვალთ, მაგალითად როგორებიცაა: რა არის ქართველი პროტესტის ძირითადი პრობლემა? რატომ ვერ ვაღწევთ შედეგს ამდენი ხნის განმავლობაში?

ზოგი ფიქრობს, რომ მიზეზი მონაწილეთა არასაკმარისი რაოდენობაა, ზოგიც, კვლავ დასავლეთს ადანაშაულებს, ზოგი კი ლიდერის ნაკლებობაზე საუბრობს ან იმაზე, თუ როგორი ლიდერი სურს მას. „ნაცი“? ყოფილი „ნაცი“? ყოფილი „ქოცი“? თუ ვინ? ზვიად გამსახურდია? დავით აღმაშენებელი?

ესეც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი სერიოზული დილემაა. ამიტომ, მოდი, ორ მთავარ პრობლემაზე შევჩერდეთ, სადაც შეძლებისდაგვარად ჩემს ხედვაც შემოგთავაზოთ.


მასა


ree

ამ კონტექსტში აუცილებელია გუსტავ ლე ბონის წიგნის — „მასების ფსიქოლოგია“ — მოხმობა, სადაც იგი მასის არსს ზუსტად და სისტემურად განმარტავს.


გუსტავ ლე ბონისთვის „მასა“ არ ნიშნავს ნებისმიერ ჯგუფს. მასა იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდები ფსიქოლოგიურად ერწყმიან ერთმანეთს. ეს შეიძლება მოხდეს ქუჩაში, მიტინგზე, რელიგიურ რიტუალში, ომის დროს ან თუნდაც კითხვისას — როდესაც ადამიანი თავს „დიდი იდეის ნაწილად“ გრძნობს. ამ მომენტში ადამიანი აღარ მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, არამედ როგორც ერთიანი ფსიქიკური ორგანიზმის უჯრედი.

მასის მთავარი ნიშანია ინტელექტის დაქვეითება და ემოციის გამძაფრება. ინდივიდის ინტელექტი შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ მასაში იგი ქრება, რადგან კოლექტიური ემოცია ყოველთვის იმარჯვებს ინდივიდუალურ აზროვნებაზე.

ლე ბონი გამოყოფს მასის დეფინიციის რამდენიმე ძირითად მახასიათებელს, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ფსიქოლოგიური შერწყმაა, ეს ის შემთხვევააა, როცა ადამიანი თავს „დიდი იდეის ნაწილად“ აღიქვამს.


„დიდი იდეა“ და ქართული რეალობა

დღეს ჩვენი „დიდი იდეა“ რუსული ხელისუფლების დასრულება და საქართველოს ევროპული განვითარების რელსებზე დაბრუნებაა. ამ ნაწილში შედარებით ნაკლები პრობლემა გვაქვს, რადგან ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, კეთილდღეობის მსურველი ადამიანი დასავლურ ინტეგრაციას უჭერს მხარს. ჩემი აზრით, ქართველ ხალხს კეთილდღეობა უყვარს და ყველაფერ დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილიც სწორედ აქედან მომდინარეობს.


თუმცა, მთავარი კითხვა ასეთია: შეუძლია თუ არა ჩვენს საზოგადოებას ინდივიდუალიზმის დათმობა და ერთი იდეის გარშემო ფსიქოლოგიური გაერთიანება? აქ უკვე სერიოზული პრობლემები ჩნდება. თამაშში ერთვება ლეგენდარული „ქოცი–ნაცის“ ფენომენი, ასევე დაპირისპირებები განათლებულსა და გაუნათლებელს, მემარჯვენესა და მემარცხენეს შორის და ა.შ.


ცნობილია, რომ ამავე მიმართულებით მიზანმიმართულად მუშაობს რუსული პროპაგანდაც, რათა მასების ჩამოყალიბების ეს „ფაზლი“ არ შედგეს. ფსიქოლოგიურ შერწყმას ხელს უშლის ე.წ. „ნაცის ფენომენი“ და კოლექტიური ნაციონალის ხატი.


რაც არ უნდა ვთქვათ, ბოლო რამდენიმე არჩევნებმა ცხადყო, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ყოფილ ნაცებსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვთ ამომრჩევლებში. არაერთმა პარტიამ სცადა ამ ნიშის დაკავება, თუმცა უშედეგოდ.

თუ ვიცით, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ამ ძალას უჭერს მხარს, რატომ ვცდილობთ, რომ ფსიქოლოგიური შეკავშირების მთავარი დილემა სწორედ „ნაცებს“ შევწიროთ? მით უმეტეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ამ დაყოფას მიზანმიმართულად აღვივებს და ხელს უშლის საერთო სინთეზის ჩამოყალიბებას.


ამ ყველაფრის გამარტივებული ფორმულა ასეთია: გვირჩევნია ნაცების ზიზღი, რომლის ფონზეც საკუთარ „უმწიკლობას“ ვუსვამთ ხაზს, თუ მთავარი ფაზლის შეკვრა, რომელიც საპროტესტო საზოგადოებას მასად აქცევს? ჩვენ არ გვჭირდება ვიყოთ მხოლოდ ინდივიდების ერთობა; ჩვენ უნდა ვიყოთ მასა. ამისთვის კი აუცილებელია ამ წინაპირობის მიღება.


თუ ამ კონტექსტში დავინახავთ რეალობას, ბევრად გაგვიადვილდება პრობლემების დაძლევა, მათ შორის ნაცების, როგორც რუსეთის პოლიტიკური იარაღის მნიშვნელობის გაუვნებელყოფა. თავად ნაცები დღეს პრობლემას არ წარმოადგენენ, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი მათ იმიჯს წლებია პოლიტიკურ, თუ გნებავთ, „ქიმიურ იარაღად“ იყენებს, რაც ქართულ საზოგადოებას მუდმივად და საკმაოდ ინტენსიურად წამლავს.


ლიდერი

მეორე დილემა, რომელიც ქართულ პროტესტს აქვს, ლიდერის საკითხია. ხშირად გვესმის, რომ საჭიროა ლიდერი, რომელიც ხალხს გამარჯვებისკენ წაუძღვება. მაგრამ როგორი უნდა იყოს ეს ლიდერი?


ბევრი იტყვის, რომ ის უნდა იყოს განათლებული, წესიერია, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული და პროფესიონალი. თუმცა, მასას ასეთი ლიდერები ნაკლებად სჭირდება. გუსტავ ლე ბონის მიხედვით, ლიდერი არ არის რაციონალური პოლიტიკოსი ან ინტელექტუალი. ლიდერი არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ იდეაში, არ აჩვენებს ეჭვს, არ შედის დისკუსიაში და მუდმივად იმეორებს ერთსა და იმავე მესიჯს.

ლიდერის ძალა მოდის არა ინტელექტიდან, არამედ რწმენიდან და ნების სიმტკიციდან. მასა ლიდერში საკუთარ კოლექტიურ სურვილს ხედავს.


რწმენა და ნების სიმტკიცე

თუ ლიდერის ძალა რწმენასა და ნების სიმტკიცეშია, მაშინ ვიკითხოთ: ყველა პოლიტიკოსს მართლა სწამს, რომ საქართველოში რუსული რეჟიმია დამყარებული? აბსოლუტურად ყველას? რა თქმა უნდა, არა.


არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებმაც ამ რწმენისა და რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო, ციხეც კი აირჩიეს — ელენე ხოშტარია, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია. ჩემი აზრით, მათ ეს ფაზლი ადრე დაინახეს და თანმიმდევრული მოქმედებაც შესთავაზეს საზოგადოებას, რაც უდავოდ დასაფასებელია.


ჩემი აზრით, პრობლემა ლიდერში არ არის — ის ჩვენშია. ლიდერების ნაწილი კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მასა, სამწუხაროდ ჯერ ვერ შედგა. ჩვენ ჯერ ისევ ინდივიდების ერთობა ვართ, რომელიც ძალიან დაქსაქსული და იმ ძალისგან დაცლილია, რომელსაც მასა ფლობს. სანამ ინდივიდებად დავრჩებით და მასად ვერ გარდავიქმნებით, ლიდერშიც ვერ დავინახავთ ჩვენს კოლექტიურ სურვილს.

Comments


bottom of page